თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ, პროფესორებმა და სტუდენტებმა, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს აკაკი შანიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით აკაკი შანიძის დაბადებიდან 138 წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო სხდომა გაიმართა, სადაც ქართველმა მეცნიერებმა მოხსენებები წაიკითხეს.
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის თქმით, აკაკი შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჯარო სხდომა უკვე 38-ე წელია იმართება. „აკაკი შანიძის გარდაცვალების შემდეგ, ყოველ წელს, ტარდება ეს ღონისძიება, ვიკრიბებით ქართველი ენათმეცნიერები და პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. იმედია, ამ ტრადიციას მომავალი თაობაც გააგრძელებს და ყოველწლიურად წარმოადგენენ საინტერესო მოხსენებებს და კვლევის შედეგებს“,- განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.
საჯარო სხდომაზე მოხსენება წაიკითხა აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებს. „ძალიან მიხარია, რომ დღეს კვლავ არის შეკრებილი ის ხალხი, რომელიც აგრძელებს ტრადიციას, კვლავ მართავს საჯარო სხდომას და იხსენებს აკაკი შანიძეს“, - აღნიშნა მზექალა შანიძემ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აკაკი შანიძის ქართული ენის გრამატიკის საფუძვლების ახალი გამოცემა, რომელიც თსუ გამომცემლობამ დაბეჭდა.